იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი)
ცხოვრების წლები: 1879 წლის 21 დეკემბერი - 1953 წლის 5 მარტი
მართველობის წლები: 1922-1953
საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
1922 წლიდან საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი.
1941 წლიდან საბჭოთა მთავრობის მეთაური (1941 წლიდან სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარე, 1946 წლიდან სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თამვჯდომარე)
1945 წლიდან საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი.
სკკპ ცკ-ს გენერალური მდივანი.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს, ტიფლისის გუბერნია ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი.

1888 წელს იოსები შევიდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1894 წელს იოსებ ჯუღაშვილმა წარმატებით დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ტიფლისის მართმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში(1894-1899).

ერის მამად აღიარებულმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ილია ჭავჭავაძემ 1895 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის ლექსები „სოსელოს“ ფსევდონიმით და მას დიდი პოეტური მომავალი უწინასწარმეტყველა. 1912 წელს სოსელოს ცნობილი ლექსი „დილა“ მწერალმა იაკობ გოგებაშვილმა ქართველი მოსწავლის პირველ სასკოლო სახელმძღვანელოში „ დედა ენა“ შეიტანა.

1895 წლიდან ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.

1898 წელს იოსებ ჯუღაშვილი გახდა საქართველოს პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ წევრი. იოსებ ჯუღაშვილი გარიცხეს სემინარიის გამოსაშვები კლასიდან მარქსისტულ წრეებში მონაწილეობის გამო.

1901 წელს ცნობილ რევოლუციონერთან ლადო კეცხოველთან ერთად გამოსცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პირველი ქართული გაზეთი „ ბრძოლა“, მოაწყო არალეგალური სტამბა, ბეჭდავდა პროკლამაციებს.

გახდა ბათუმისა და ტიფლისის რსდმპ-ს კომიტეტის წევრი. მუშაობდა პარტიული ფსევდონიმით „სტალინი“, „კობა“. გვარი ჯუღაშვილი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან "ჯუღა", რაც "ფოლადს" ნიშნავს და ამით აიხსნება ფსევდონიმი "სტალინი", სადაც "სტალ" რუსულად "ფოლადს" ნიშნავს (сталь) და დაბოლოება "ინ" კი მეტად გავრცელებული იყო ბოლშევიკებს შორის და მას ვლადიმერ ლენინიც იყენებდა (Лен-ин). რაც შეეხება ფსევდონიმს „ კობა“ - აღებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟის მიხედვით.

1902 წლის 5 აპრილს სტალინი დააპატიმრეს, როგორც ბათუმის მუშათა დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში შვიდჯერ იყო დაპატიმრებული, ექვსჯერ გადაასახლეს ციმბირში, ხუთჯერ მოახერხა გაქცევა.

1905 წელს იოსებ ჯუღაშვილი გახდა პირველი პარტიული კონფერენციის დელეგატი, ამ დროს გაიცნო ლენინი.

1912 წელს რსდმპ-ს VI რუსეთის კონფერენციის მსვლელობისას იოსებ სტალინი შევიდა ცენტრალური კომიტეტის და ცენტრალური კომიტეტის რუსული ბიუროს შემადგენლობაში. გაზეთ „პრავდა“-ს პირველი ნომერი შეიქმნა პარტიული მუშაკის „კობა“ აქტიური მონაწილეობით. ამ პერიოდში იოსებ ჯუღაშვილი უკვე ხდება იოსებ სტალინი. ამ ფსევდონიმით გამოვიდა მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი „სოციალ-დემოკრატია და ნაციონალური საკითხი“ („მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“)

1913 წელს იოსებ სტალინი დააპატიმრეს პეტერბურგში და გადაასახლეს ციმბირში (ტურუხანის გადასახლება)

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ იოსებ სტალინი დაბრუნდა პეტროგრადში. იგი აღადგინეს ცკ-ს ბიუროს წევრად და შეიყვანეს გაზეთ „პრავდა“-ს რედაქციის შემადგენლობაში. ამავე დროს იგი ხელმძღვანელობდა ცკ-ს და ბოლშევიკების პეტერბურგის კომიტეტს.

1917 წლის მაისში სტალინი აირჩიეს ცკ-ს პოლიტსაბჭოს წევრად. იგი პირადად მონაწილეობდა ოქტომბრის შეიარაღებულ აჯანყებაში და რევოლუციის მომზადებაში. მალევე შევიდა პირველ საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში და დაიკავა ნაციონალურ საკითხებში სახალხო კომისრის თანამდებობა.

1918 წელს იოსებ სტალინი დაინიშნა რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს და მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოს წევრად.

1922 წელს იოსებ სტალინი გახდა ცკ-ს გენერალური მდივანი.

1941 წელს ომის დაწყებიდან სტალინი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს, გახდა სსრკ-ს სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი მთავარსარდალი, სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისარი.

1945 წლის 27 ივნისს იოსებ სტალინს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება.

1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა ინსულტით (ტვინში სისხლჩაქცვა მაღალი წნევის შედეგად). 9 მარტს მისი ნეშთი დაასვენეს მავზოლეუმში ლენინის გვერდით.

1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და დაკრძალეს კრემლის კედელთან.