ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში,სადაც ის დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა. ორსართულიანი საექსპოზიციო შენობა კოშკით არქიტექტორ არჩილ ქურდიანის პროექტით აშენდა. მუზეუმის შენობა მოპირკეთებულია ეკლარის ქვით.

შთამბეჭდავია ჩუქურთმები, ორნამენტებით შემკული სვეტები. წითელი მარმარილოთია მოპირკეთებული ვესტიბიული. ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი (სადაც სტალინი დაიბადა) , სტალინის ვაგონი და ორსართულიანი საექსპოზიციო დარბაზი. საექსპოზიციო შენობის წინ დგას მოქანდაკე სილოვან კაკაბაძის მიერ შესრულებული სტალინის ქანდაკება. მუზეუმში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატები: მემორიალური ნივთები, საჩუქრები, ფერწერული ტილოები, ფოტო- კინო დოკუმენტები. დაცულია იმ ეპოქის ამსახველი ისტორიული მასალა, რომელშიც მოღვაწეობდა სტალინი. სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სტაციონარული ექსპოზიცია მუზეუმის ექვს დარბაზშია განთავსებული. პირველ დარბაზში განთავსებული ექსპოზიცია ასახავს სტალინის რევოლუციამდე და რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდს.

მეორე დარბაზში 1925-1940 წწ საბჭოთა ქვეყნის ისტორიის პერიოდია ასახული. აქ ისტორიული მოვლენების ფონზე ნაჩვენებია ი.ბ. სტალინის ხელმძღვანელობით ბრძოლა ქვეყნის განვითარებისათვის.

მესამე დარბაზში მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტო- დოკუმენტებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული კუთხე აქვს დათმობილი თეირანის, იალტის, და პოტსდამის კონფერენციებს, გამოფენილია ი.ბ. სტალინის ერთ-ერთი საინტერესო ფოტო რეტუშის გარეშე. ამავე დარბაზში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი ი.ბ. სტალინის პირად ცხოვრებას. მეოთხე დარბაზში მარმარილოს სვეტებს შორის მოთავსებულია ი.ბ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღებული ბრინჯაოს ნიღაბის მეექვსე ეგზემპლარი. ნიღაბი აუღია ცნობილ მოქანდაკეს მ. მანიზერს. ამავე დარბაზში მოთავსებულია საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის მხატვრული ტილო „ი.ბ. სტალინი კუბოში“ მუზეუმის მეხუთე საგამოფენო დარბაზი მთლიანად დათმობილი აქვს ი.ბ. სტალინის საჩუქრებს.

მეექვსე დარბაზში განთავსებულია სტალინის პირველი სამუშაო კაბინეტი, სადაც მუშაობდა 1918- 1922 წლებში და მისი მემორიალური ნივთები. ცალკე ოთახი აქვს დათმობილი რეპრესიების პერიოდს. რეპრესიების ოთახი მუზეუმში 2010 წლიდან მოქმედებს.

ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის საერთო ფართობია 3529.7 კვ/მ, მუზეუმის ფონდში ამჟამად 40000-ზე მეტი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და დამხმარე სამუზეუმო მასალაა დაცული. მუზეუმში მოქმედებს შიდა სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ი.ბ.სტალინის სახელმწიფო მუზეუმს ექსპონატების დიდი ნაწილი გადმოსცა მოსკოვის ისტორიისა და რევოლუციის მუზეუმმა.