მოხუცი ნინიკა

მოხუცდა ჩვენი ნინიკა,

გაუცვდა მკლავი გმირისა. .

რაროგ გატეხა ტიალმა

ჭაღარამ ღონე რკინისა!

ჰაე, დედასა!..მრავალჯერ

,,აფთარა!” – ნამგლის ტრიალით

მკერდ-ღია ყანის ბოლოში

წამს გავრდნილი გრიალით,

ხელაურების გორები

გვერდით-გვერდ აუყენია

და ხვითქით მორთულ სახეზე

ალმური გადასდენია...

ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს,

სიბერით მოკვეთილებსა,

წევს, ან ოცნებობს, ან წარსულს

უამბობს შვილი-შვილებსა...

ხან-და-ხან ახლო ყანებში

ყურს მოჰკრავს ხოლმე მღერასა

და გული, ჯერეთ მაგარი,

უწყებს სიამით ძგერასა:

წამოიწევა ცახცახით,

ყავარჯენს დაებჯინება

და, რა გაჰხედავს ბიჭებსა,

შვებით-ღა გაეღიმება...


(გაზ. „კვალი“.1895წ. ივლისი)


შხამით აღსავსე ფიალა

ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,

კარის-კარ დაწრიალებდა;

ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,

ხმა ტკბილად აწკრიალებდა;

მის საოცნებო ჰანგებში;

ვითარცა სხივი მზიური,

ისმოდა თვითონ სიმართლე

და სიყვარული ციური,

ბევრს აუძგერა იმა ხმამ

გული, ქვად გადაქცეული;

ბევრს გაუნათლა გონება,

ბნელ-უკუნეთად ქცეული.

მაგრამ, დიდების მაგიერ,

სად ჩანგმა გაიწკრიალა,

განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა

შხამით აღვსილი ფიალა. . .

და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო,

ეგ არის შენი ხვედრიო!

შენი არ გვინდა სიმართლე,

არც ეგ ციური ხმებიო!“


(გაზ. „ივერია“ 1895წ. 15 დეკემბერი) 



თავად რაფიელ ერისთავს

როს მშრომელ გლეხთა ვაებით

საბრალოდ აცრემლებული,

ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,

ერისთვის თავდადებული;

როს ერის კეთილდღეობით

საამოდ აღტაცებული,

სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ,

ვით ზეცით მოვლინებული;

როს დაჰგალობდი სამშობლოს,

ის იყო შენი ტრფიალი,

მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა

გულის წარმტაცი წკრიალი. . .

მაშინ, მგოსანო, ქართველი

თურმე ციურ ძეგლს გიგებდა

და წარსულ შრომას, ვაებას

აწყმოთი აგვირგვინებდა.

შენმა სიტყვებმა მის გულში

უკვე გაიდგა ფესვია,

მოიმკე, წმინდა მხცოვანო,

რაც სიყრმით დაგითესია;

ნამგლად იხმარე ერისგან

გრძნობით ჰაერში ძახილი:

,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს

მამულში შენებრი შვილი!”


(გაზ. „ივერია „ 1895წ. 29 ოქტომბერი, #234)


მთვარეს

იარე დაუღალავად,

თავი ნუ ჩაგიკიდია,

გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,

უფლის განგება დიდია.

ნაზად შესცინე ქვეყანას

შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა;

მყინვარს დამღერე ნანინა,

ზეციდან გადმოკიდულსა.

კარგად იცოდე, რომ ერთხელ

ძირს დაცემული, ჩაგრული

კვლავ აღემართვის მთას წმინდას,

იმედით აღტაცებული.

მაშ, ტურფავ, წინანდებურად

ღრუბლებში გაიკაშკაშე,

ლურჯ კამარაზე საამოდ

სხივები შეათამაშე.

მეც გადავიხსნი საკინძეს

და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,

ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ

ქვეყნად შუქ-მომფინარესა!


( გაზ. ივერია, 11 ოქტომბერი, 1895წ )


და იმედები მიღორძინდება

როდესაც ბადრად მნათობი მთვარე

ცის კამარაზედ გადაცურდება

და მისი შუქი, გაბრწყინვებული,

ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება;

ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა

ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს,

როს სალამურის სულის კვეთება

მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს;

ოდეს მთის წყარო, შეჩერებული,

კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს

და ტყე, ნიავით გაღვიძებული

შეიშმუშნება, გაიშრიალებს;

ოდეს მტრისაგან გადახვეწილი

კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს

და როს სნეული, შუქს მოკლებული,

კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს,

მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი

თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება

და იმედები კეთილდღეობის

უბედურს გულში მიღორძინდება!

და ამ იმედით გატაცებულსა

სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული:

ნუთუ წრფელია იმედი ესე,

ჩემდა იმა დროს მოვლინებული?!


(გაზ. „ივერია. 1895, 22 სექტემბერი, #203)


***

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
"აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“

(გაზ. „ივერია“ 1895, 14 იანვარი, #123)